მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერებას და აღნიშნულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის მორიგ გამოვლინებად აფასებს.
კოალიციის განცხადებით, პარლამენტში ჟურნალისტებს ეზღუდებათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ისე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„2026 წლის 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის აპარატმა ხატია სამხარაძეს აკრედიტაცია შეუჩერა იმ საფუძვლით, თითქოს მან რესპონდენტის უარის შემდეგ ინტერვიუს ჩაწერა არ შეწყვიტა. ამასთან, უცნობია, კონკრეტულად ვისი მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული ეს სანქცია.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ დისკრიმინაციულად გამოიყენება. აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ასევე ონლაინ გამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორს“.
საკანონმდებლო ორგანოში მედიის საქმიანობის შეზღუდვის პრაქტიკა ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა.
საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს ეზღუდებათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ისე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ხატია სამხარაძესა და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებსაც ხელოვნური ბარიერების გამო პროფესიული მოვალეობის შესრულება ეზღუდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატმა TV პირველის საპარლამენტო ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.
წერილს, რომელიც ხატია სამხარაძეს გაეგზავნა, ხელს პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. აღნიშნული მოთხოვნა თქვენს მიერ არ იქნა დაცული რაც დასტურდება 2026 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პირველებში“ გასული სიუჟეტით“, – ნათქვამია წერილში.
წერილში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი დეპუტატის მოთხოვნის საფუძველზე შეუჩერდა ჟურნალისტს აკრედიტაცია.