2008 წლის ომი ისტორიას არ ჩაბარებია, ის გამოწვევები დღესაც აქტუალურია - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის სატელევიზიო მიმართვაში რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ ის ომი ჯერ კიდევ არ ჩაბარებულა ისტორიას, ისევ აქტუალურია და საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში იფიქრონ, რა გააკეთონ, როგორ შეაჩერონ აგრესია და დასაჯონ აგრესორი.

„ეს დღეებია იხსენებენ 2008 წელს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ომის წინაპირობებსა თუ მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელისუფლების სითამამე იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარის თქმამ.

მაგრამ იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია, მთლად არ ჩაბარებია წარულს. ამიტომ, საჭიროა ბევრი საუბარი არა იმაზე, თუ რა მოხდა, არამედ იმის შესახებ, რისი გაკეთება შეიძლება. ის გამოწვევები დღესაც აქტუალურია და არამხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში კიდევ არსებობს.

მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ რეალური, ეფექტიანი ინსტრუმენტების საჭიროების გაცნობიერება, რათა აღკვეთოს აგრესიები და პასუხისგებაში მისცეს ნებისმიერი აგრესორი.

2008, 2014, 2022 – ამ წლებში დაწყებულ ომებს განსხვავებული მასშტაბი და ბუნება ჰქონდათ, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუ რა მოხდა: რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების მექანიზმებმა არ იმუშავა.

აი, ამიტომაა საერთაშორისო ურთიერთობებში პრევენციის პრინციპის არსებობა საჭირო. რასაც ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით, მათ შორის, 24 თებერვლამდე. თუ უკვე აშკარაა, რომ რომელიმე სახელმწიფო ემზადება აგრესიისთვის – უსამართლო, უკანონო, არაპროვოცირებული აგრესიისთვის, მსოფლიოს რეაქცია ამ მზადებაზე უნდა იყოს ისეთივე, თითქოს ის უკვე მოხდა. არ უნდა დაველოდოთ ნგრევასა და მსხვერპლს, არამედ ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ომი“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.