2016-2020 წლებში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან 28.2%-მდე შემცირდა - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 2020 წლის თამბაქოს სიტუაციური მიმოხილვის ონლაინპრეზენტაციას გამართავს.

ცენტრი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში თამბაქოსთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა: თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა; ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა.

NCDC-ის მონაცემებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია თამბაქოს როლი არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ, ეკონომიკაზეც.

2017 წლის „თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის შეფასების მიხედვით თამბაქოს პირდაპირი (ჯანდაცვითი) და არაპირდაპირი ტვირთი ქვეყანაში 824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს.

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო წლებთან შედარებით შემცირდა როგორც ზრდასრულ მწეველთა, ასევე მოზარდ მწეველთა რაოდენობა.

საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან (2016) 28.2%-მდე (2020), ხოლო 16 წლის მოზარდებში 18%-დან (2015) 12%-მდე შემცირდა (2019).

ცენტრის კვლევით, მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსიში; თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგების მიხედვით, 57 ქვეყანას შორის, 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.


თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვ.