2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით გამოსახლების 975 საქმე აღსრულდა

პუბლიკა

აღსრულების ეროვნული ბიუროს „პუბლიკამ“ 25 თებერვალს მიმართა შეკითხვით – 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში რამდენმა განმცხადებელმა მიმართა საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა? ასევე ამ განცხადებებიდან, რამდენი დააკმაყოფილა და რამდენი ოჯახი გამოასახლა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ?

უწყებისგან პასუხი თითქმის 9 თვის შემდეგ, 11 ნოემბერს მივიღეთ. გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, „2017 წლის იანვრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით აღსრულების პოლიციის სამმართველოში შევიდა 2099 ერთეული უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის (გამოსახლების) კატეგორიის საქმე“.

2099-დან აღსრულდა გამოსახლების 975 საქმე. 

შეჩერდა – 526 საქმე.

გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში 55 გამოსახლების საქმე აღსრულდა.

უწყების განცხადებით, გამოსახლების კატეგორიის საქმეების წარმოებაში მიღებიდან უკლებლივ ყველა მათგანზე ჩართულია მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური/ სოციალური მუშაკი.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რამდენ შემთხვევაში წარმოადგენდა გამოსახლებული პირისათვის ერთადერთ საცხოვრებელს უძრავი ნივთი – აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებენ.


9 აპრილს იუსტიციის უკვე ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის აღმოფხვრამდე“ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლებების პროცესს შეაჩერებს, რადგან პროცედურა ოჯახთან საცხოვრებელ ადგილზე მისვლას მოითხოვს. აღსრულების ბიუროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცედურა ამ დრომდე შეჩერებულია, თუმცა საქმის წარმოება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და გაფრთხილებებიც იგზავნება ადრესატებთან.