2018 სასწავლო წლიდან 2020 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით სწავლა 14 044-მა ბავშვმა შეწყვიტა

პუბლიკა

2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია,  რომ 2018-2019 სასწავლო წელს და 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, სწავლა შეწყვიტა 14 044-მა არასრულწლოვანმა, მათგან დაწყებით-საბაზო საფეხურზე – 6 028-მა არასრულწლოვანმა, ხოლო საშუალო საფეხურზე – 8 016-მა არასრულწლოვანმა. 

სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში მაღალია მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი.

„უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებს არ აქვთ სკოლის მიტოვების სტატისტიკის აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი, შესაბამისი საფუძვლების მითითებით. სამინისტროს მიერ მითითებული საფუძვლების ნაწილი ზოგადია, ერთიმეორეს ფარავს და რეალურ სურათს არ ასახავს“, – წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ გამორჩეულად მაღალია იმ შემთხვევათა მაჩვენებელი (შემთხვევათა დაახლოებით 22%), როდესაც მოსწავლე ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლაში არ ცხადდება და  არ ჩანს სკოლაში გამოუცხადებლობის კონკრეტული საფუძვლები, რაც არ იძლევა ანალიზის შესაძლებლობას.

„ერთ-ერთი პრობლემაა მოსწავლეთათვის, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე სტატუსის შეჩერება. ასეთ შემთხვევაში, განცხადებაში, როგორც წესი, მოთხოვნის მიზეზი არ არის მითითებული. შესაბამისად, მაღალია მშობლის მხრიდან ბავშვის უფლებათა დარღვევის რისკი, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების შემთხვევებში“.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ  სკოლის მიტოვების შემთხვევებში, თანამშრომლობა სკოლასა და სოციალურ მუშაკს შორის არასათანადოა.

„ხშირად, ბავშვის მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზები ისეთ ფაქტებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ბავშვის მიმართ ძალადობა, უგულებელყოფა,
ჯანმრთელობა, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმები, სიღარიბე. ასეთ შემთხვევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო უწყებების დროული ჩართვა და მათ მიერ სათანადო ღონისძიებების გატარება“, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.