2018 წლიდან სამუშაო ადგილზე 97 ადამიანი დაიღუპა, 334 დაშავდა - შრომის ინსპექცია

პუბლიკა

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.

უწყების ცნობით, სამშენებლო სექტორში, ერთობლივი ინსპექტირების დასრულების შემდეგ, აგვისტოს ბოლოდან 5 დეკემბრის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე
დაღუპულთა რაოდენობა, მიმდინარე წლის ამავე სექტორში დაღუპულთა რაოდენობის მესამედია.

როგორც შრომის ინსპექციის დეპარტამენტი აცხადებს, საწარმოო უბედური შემთხვევების აღრიცხვა განახლებული მეთოდიკით ხდება. აღრიცხული ინციდენტების რაოდენობაში შესულია აგრეთვე საშუალო სიმძიმის უბედური შემთხვევათა მონაცემები. ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება განხორციელებულია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაში ზედმეტი, დაუზუსტებელი ან/და შეუსაბამო ინფორმაციის მოხვედრა.

დეპარტამენტში ამბობენ, რომ 2020 წლიდან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დაგეგმილია შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და ინსპექტორების რაოდენობრივი ზრდა.