გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ „პირველი არხი“ დატოვა. გამოცემა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში ჟურნალისტი ადასტურებს, რომ წამოსვლის მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა და თანამშრომლების უსამართლოდ გათავისუფლება გახდა.
„ბოლო დღეებია, ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, რადგან ორი თანამშრომლისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მსხვერპლი გავხდი. სამსახურში ბულინგის ასეთი პრეცედენტი ჩემთვის პირველი შემთხვევაა“, – „მედიაჩეკერის“ ცნობით, ჟურნალისტმა სამსახურიდან წამოსვლის შესახებ ამ შინაარსის განცხადება დაწერა.
ვრცელ ინტერვიუში ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ვერც 2019 და ვერც 2020 წელს, 17 მაისს ჩვენ ვერ გავაკეთეთ სიუჟეტი ლგბტ თემის უფლებებზე. გვეუბნებოდნენ, „პროპაგანდად“ ჩაგვეთვლებაო. ამის გამო ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტები ღიად გამოხატავდნენ აღშფოთებას“.
„17 მაისს იმის თქმა, რომ სიუჟეტი „ლგბტ პროპაგანდა“ არ გამოვიდეს და ამ მიზეზით არ გავაკეთოთ, მეეჭვება საღად მოაზროვნე ადამიანს ეს ცენზურად არ მიაჩნდეს. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ფრაზა ერთ-ერთ ჟურნალისტს პირადად უთხრეს და არა თათბირზე“, – ამბობს თუთბერიძე.
მისივე თქმით, 2021 წლის 17 მაისს ეთერში ნამდვილად გავიდა სიუჟეტი „ქვიარ თემის შელახურ უფლებებზე, სახელწოდებით „არა ჰომოფობიას“.
„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ იყო თუ არა თინათინ ბერძენიშვილის დირექტორობის დროს ცენზურის მცდელობა? – თუთბერიძე პასუხობს:
„სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო ზეწოლა, ჩვენზე „აზრის პოლიციის“ წნეხი და სისტემური ცენზურა ნამდვილად არ ყოფილა, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. თუმცა ამათუიმ სიუჟეტის იდეაზე არაერთხელ მომისმენია ფრაზა „ამას არ გაგვაკეთებინებენ“, ან შევსწრებივარ თემის შერბილების მცდელობას, თუ რაღაც ძალიან მწვავე პოლიტიკურ თემას მოიტანდა ვინმე. ყოველთვის თუ არა, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტი მაინც აღწევდა თავისას“, – ამბობს ქეთი თუთბერიძე.
17 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ წამყვანმა, იმედა დარსალიამ არხზე შესაძლო ცენზურისა და „შავი სიების“ შესახებ პირველი განცხადება გააკეთა.
ცენზურის მცდელობის შემთხვევები და „შავი სიების“ არსებობა 18 თებერვალს გადაცემის კიდევ ორმა ჟურნალისტმა – თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დაადასტურეს. გადაცემის გუნდიდან რამდენიმე ჟურნალისტმა კი მსგავსი ფაქტების არსებობა უარყო.
კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემის გუნდის წევრთა ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა და მოკვლევის გარეშე ჟურნალისტთა განცხადებებს „რეპუტაციის შემლახავი“, „ცილისმწამებლური“, „უსაფუძვლო“, „მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა.
თითქმის ერთი თვის თავზე, 25 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გადაცემის წამყვანმა და ჟურნალისტებმა იმ პირთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა ჩაწერაც გადაცემის მენეჯმენტისთვის სასურველი არ იყო; დასახელდა შესაძლო ცენზურის კონკრეტული შემთხვევებიც.
ამ ბრიფინგის შემდეგ მაუწყებლის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში შესაძლო ცენზურის არსებობაზე ბრალდებების თემა კვლავ აქტუალური გახდა. არხის დირექტორმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ საქმის მოკვლევა დაწყებული იყო, თუმცა მოკვლევის დაწყების ან დასრულების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
29 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვანი იმედა დარსალია, ასევე ჟურნალისტები სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.
სოფო ზედელაშვილის თქმით, ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზად „ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელებაა“ დასახელებული.