დარსალია: ამას პირველად ვამბობ, საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემა „ახალი კვირის“ ფორმატს ცვლის. ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე „პუბლიკას“ მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ დაუდასტურა.

გადაცემის ყოფილ წამყვანს, იმედა დარსალიას ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს და ამბობს, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. იმედა დარსალიამ გადაცემის ფორმატთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, გადაცემის რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ დაიგეგმა, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა ცენზურას და იცავდა თითოეულ სიუჟეტს, რომელიც კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს ეხებოდა.

მისი თქმით, მაუწყებელში არსებობს ე.წ. “შავი სიები” და ჟურნალისტებმა იციან ვისი ჩაწერა შეიძლება და ვისი არა.

დარსალიამ კონკრეტული ადამიანები, ვინც სარედაქციო საქმიანობაში ერევიან არ დაასახელა და თქვა, რომ დეტალებზე სასამართლოში ისაუბრებს.

“ალტ ინფო ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც არ მინდა დავაკავშირო, თუმცა ძალიან ცუდად დაემთხვა ერთმანეთს ალტ-ინფოს ლიდერების მუქარები და გადაცემის დახურვა. მოდით, უფრო სერიოზულ პრობლემებზე ვისაუბროთ. გადაცემას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა. ამას ჟურნალისტები დაგიდასტურებენ.

ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ყველა რგოლთან მემუშავა, რომ პრობლემები მომეგვარებინა. ეს არის კვირის მთავარი ანალიტიკური გადაცემა და გამორიცხულია ნებისმიერი თემის დაბლოკვა.

წლების განმავლობაში ვცდილობდი მენეჯმენტთან ამ პრობლემების მოგვარებას, მაგრამ საბოლოოდ მივიღე ის რომ გამიშვეს ეთერიდან და გადაცემას ფორმატი შეუცვალეს. იყო თემების დაბლოკვის მცდელობები და გუნდი, თითქმის ყოველთვის ვახერხებდით ობიექტურად და სამართლიანად გაგვეშუქებინა თემები.

ესაა მთავარი პრობლემა და არა ალტ-იფნო. ვისაუბროთ ცენზურაზე და სარედაქციო პოლიტიკაზე. სხვადასხვა მიმართულებით იბლოკებოდა თემები.

იყო შავ სიები, ამას პირველად ვამბობ თქვენს ეთერში. სასამართლომდე მივალთ ჩვენ და იქ ვისაუბრებ ყველა დეტალზე. შავი სიები ნიშნავს ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა. ეს პრობლემები ერთი პერიოდი მოვაგვარეთ არხის დირექტორის ჩარევით.

ორი წლის განმავლობაში ანალიტიკურ გადაცემაში პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული, თუმცა არხის დირექტორთან მოლაპარაკებით პოლიტიკა და სხვა პრობლემური საკითხები ეთერს დაუბრუნდა, ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი ახალი კვირის გუნდისთვის. მეტნაკლებად გვიწევდა ბრძოლა კრიტიკული თემის ეთერში გასასვლელად.

თათბირზე 28 დეკემბერს გვითხრეს, რომ გადაცემის წამყვანი აღარ ვიქნებოდი და გადაცემის ფორმატი იცვლებოდა. მიზეზი გვითხრეს, რომ გადაცემამ ამ ფორმატით თავი ამოწურა და ახალი ფორმატი იყო საჭირო. მე ვერ გავიგე მიზეზი რატომ უნდა წავსულიყავი ეთერიდან.” – განაცხადა დარსალიამ.