2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა და რუკის მოძიება მთხოვა – დავით ხიდაშელი

პუბლიკა

ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა ექსკლუზიურად „ღამის კურიერის” ეთერში მისი საქმიანობისა და ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობის შესახებ ისაუბრა.  ინტერვიუს ძირითადი ნაწილი საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის რუკებზე საუბარს დაეთმო. დავით ხიდაშელი ის პიროვნებაა, რომელმაც საქართველოს პროკურატურას რუსეთში მოძიებული რუკები გადასცა.

მისი თქმით, მან ბიძინა ივანიშვილი 2017 წელს საქართველოში გაიცნო.

„შეხვედრა ვთხოვე ბიძინა ივანიშვილს. მაშინ გავიცანი ის პირველად. მოუყევი, რას ვაკეთებ და რას ვაკეთებდი საზღვარგარეთ და რა გეგმები მქონდა საქართველოსთვის.

ამის შემდეგ მე კავშირი არ მქონია. დაბადების დღეს მივულოცავდი, თვითონაც მომილოცავდა. 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონასტერთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით და მთხოვა დახმარება, რომ მომეძია რაღაც რუკა. რომ ჩავეძიე, რად გინდათ და რაში გჭირდებათ ჩემი დახმარება-მეთქი – მითხრა, დაურეკეთ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის სამინისტრო გეტყვით და იციან ეს დეტალებიო. პირველი შოკი მაშინ მივიღე, ვინაიდან გამიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ჩემთვის ეთხოვა – რადგან ვიცოდი, ვინ იყო ბიძინა, რა საშუალებები ჰქონდა, რა თანხებიც ჰქონდა და ეუბნება შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველს, რომ დამეხმარეო. ასეთი რესურსების კაცი რომ მე მთხოვს, რუკა მიშოვე, წარმოვიდგინე, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო. რომ დავიწყე ჩაძიება, მივხვდი, რომ ფულით ეს საქმე ვერ გადაწყდებოდა.  დავურეკე ღარიბაშვილს. მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ტელეფონი. ისინი შეგხვდებიან და დეტალურად მოგვიყვებიან, რას ვეძებთ და რა გვაინტერესებს.

ვინაიდან მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემს ამხანაგს ბეჟან მაისურაძეს ვთხოვე,  თუ შეიძლება თავდაცვის სამინისტროში მიდი, რომ გაიგო ზუსტად რა უნდათ, საბუთები გამოართვი-მეთქი“, – ამბობს დავით ხიდაშელი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ბეჟან მაისურაძე შეხვდა კარტოგრაფიული სამსახურის წარმომადგენელებს. მათ გადასცეს რამდენიმე საბუთი და რუკა. ეს რუკები კი სვანიძემ გადაუგზავნა ხიდაშელს.

მისი თქმით, საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დადგენაზე პირველი ოფიციალური საბუთები 1920 წლით თარიღდება, როცა ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის სოციალისტურმა ხელისუფლებამ და საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. მისივე თქმით, ამ ხელმოწერილ დოკუმენტს მოჰყვება რუკა და ეს 1920 წლის შემდეგ შედგენილი რუკაა.

„ამ რუკაზე პირველად აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფო საზღვარი გადის მდინარე მტკვრის კალაპოტთან, ჯანდარის ტბა აგერ არის და დავით გარეჯის მონასტერი  30 კილომეტრშია ამ საზღვრიდან. 1925 წელს გამოსცეს მეორე რუკა. 1925 წელს დავით გარეჯთან საზღვარი ქვევით ჩადის მთის ძირში და დავით გარეჯი მოხვდა შიგნით. დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. 1925 წლის შემდეგ 1930 და 1931 წლებში კიდევ შექმნეს რუკები“, – ამბობს დავით ხიდაშელი.

მისი თქმით, ამის შემდეგ ყველაზე ყურადღებამისაქცევი 1937 წელს მოპოვებული საბუთია, რომელიც საქართველოს არქივში მოიპოვეს და  სადაც ნაჩვენებია, რომ შსს კომისარიატის წარმომადგენელი გოგლიძე აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტს წერს, რომ შს სამინისტრომ გაარკვია, რომ რესპუბლიკებს შორის რუკები ერთმანეთს არ ემთხვევა და 5 მარტს 12 საათზე რესპუბლიკების წარმომადეგენლებს იბარებს საზღვრების გასავლებად.

მისი თქმით, 1938 წლის 5 მარტს  თბილისში შეიკრიბა ჯგუფი – საბჭოთა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენელები და ასევე კარტოგრაფები. მათ ორდღიანი მუშაობის შემდეგ საზღვარი გაავლეს.

„ამ საბუთებში წერია, რომ 500 ათასიანი მასშტაბის რუკაზე ხელი მოაწერეს და გადასცეს დასამტკიცებლად. მე დღესდღეობით ეს რუკა არ მინახავს. ორიგინალი ან ორიგინალის ასლი ამ რუკის არ მინახავს და ვერ ვიპოვე. ამიტომ დავიწყე მოძიება, რა იდო ამის უკან. დავიწყეთ მოძიება და ვიპოვეთ მეორე რუკა 1938 წლით დათარიღებული იმავე არქივში საქართველოში გამოცემული პირველი ივლისისთვის. ანუ 5 მაისს თუ მოეწერა აზერბაიჯანის პრეზიდიუმში ხელი, უკვე ერთ თვეში გამოსცეს და ადმინისტრაციული საზღვრები მოცემულია 1 ივლისისთვის – მას შემდეგ აქ არის მითითებული, რომ  მთა უდაბნო საქართველოს ტერიტორიაზეა და საზღვარი მთის ძირში გადის.

მისი თქმით, კარტოგრაფიული დეპარტამენტის დახმარებით კიდევ მოიძიეს სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოცემული იყო 1945 წელს აზერბაიჯანის კარტოგრაფიის სააგენტოს მიერ, სადაც საქართველოს წარმომადგენელები წერდნენ, რომ ეს საზღვარი განსხვავდება 38 წლის რუკისგან. 1945 წლის რუკაზე საზღვარი მთაზე გადის, ქედზე და დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე არ ხვდება.

მისი თქმით ეს რუკა, ასი ათასიანი, არცერთი მხარის მიერ არაა ხელმოწერილი.


30 სექტემბერს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთების შეთანხმებასთან დაკავშირებით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ისინი სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას შეისწავლიდნენ.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ივერი მელაშვილის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, 7 ოქტომბრიდან კი ის და ილიჩოვა დაკავებული არიან. მოსამართლემ 8 ოქტომბერს პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.