2019 წლის პოლიტიკური პერფორმანსები

პუბლიკა

მძიმე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების გარდა, 2019 წელი პოლიტიკური პერფორმანსებითაც გამორჩეული იყო. წარმოგიდგენთ, „პუბლიკის“ შეფასებით, წლის პოლიტიკურ პერფორმანსებს:

სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს ჯვრით

1 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკის მამათა მონასტერში აღნიშნა. შემდეგ კი წმინდა ნინოს ჯვრით ხელში მომლოცველებს გაუძღვა და მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

მსვლელობის ამსახველი ფოტოები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო ფოტო და ვიდეომონტაჟით შექმნილი ვიზუალური მასალა მოჰყვა.

ლგბტ დროშა ლევან ვასაძის თავზე

8 ივლისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების აქციას ლგბტ+ თემის დროშამ გადაუფრინა.

„ქართული მარში“, ლევან ვასაძის მხარდამჭერი და სხვა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ და „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას“ მოითხოვდნენ. სწორედ ამ დროს აქციის თავზე ლგბტ+ დროშიანი დრონი გამოჩნდა.

გახარიაბიუსტი

24 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მაშინ ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს. აქციის მონაწილეებმა ბიუსტს ცალი თვალი წითელი ნაჭრით აუხვიეს. გიორგი გახარიას ბიუსტი ღილაკზე თითის დაჭერით ბოდიშს იხდის.

გიორგი გახარიას ბიუსტი 2018 წელს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წლისთავისთვის მოამზადეს აქტივისტებმა და პირველად პარლამენტთან 2019 წლის მაისში მიიტანეს.

ჩუსტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

24 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყების წინ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

ანა დოლიძის თქმით, ჩუსტები იმის აღსანიშნავად მიიტანა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამუშაო საათებში მართავს გასაუბრებებს და შრომითი უფლებები ირღვევა.

შმაქსი

3 ოქტომბერს პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩმა“ მძღოლებს, რომლებიც რეგულაციების გამო ვეღარ ტაქსაობენ „შმაქსაობა“ შესთავაზა. პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სწორედ ამ დღეს „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართა და თქვა,  რომ „შმაქსი“ საგანმანათლებლო პროექტია. „შმაქსაობით“ ბევრი მძღოლი დაინტერესდა და როგორც პარტიაში ამბობდნენ, 24 ოქტომბერს თბილისში უკვე 420 „შმაქსისტი“ მოძრაობდა.

არჩილ თალაკვაძე ბოქლომით

14 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ჩაგდებას პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის პიკეტირების დროს სიმბოლურად პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს აქტივისტებმა ბოქლომები დაადეს.

18 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირების მეორე დღეს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი. აქციის დაშლის შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა სპეცრაზმის დახმარებით შეძლეს შესვლა პარლამენტში, სადაც ბიუროს სხდომა უნდა გამართულიყო. სწორედ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიტანა ბოქლომი და აქციის მონაწილეებს მიმართა: „მე მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო ეს გაჭრილი ჯაჭვი“, – თქვა თალაკვაძემ.

„ვხედავ მეცხვარეს”

25 ნოემბერს „გირჩის“ მხარდამჭერებმა ფოტომონტაჟით დამზადებული ბიძინა ივანიშვილის „ხატებით“ და წარწერებით „წმინდა ბიძინა“, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცეტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს უმღერეს – „ვხედავ მეცხვარეს“. როგორც აქტივისტები ამბობდნენ, პერფორმანსი „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან“ იმავე სტილში გამართეს, როგორც მღვდლობაშეჩერებულ ბერ ნიკოლოზთან მართავს (ნარიმან მაქარაშვილი) მრევლი.

სუნი პარლამენტში

12 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების უვადოდ არჩევაზე უნდა გამართულიყო კენჭისყრა და ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მიეღოთ გადაწყვეტილება, სხდომა უსიამოვნო სუნის გამო შეწყდა და პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სთხოვა, უსაფრთხოების გამო დარბაზი დაეტოვებინათ. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო.  სისტემა ყარს“, –  წერდა მოძრაობა  თავის facebook-გვერდზე.

თემიდას გაშიშვლება

16 დეკემბერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან პერფორმანსი მოაწყო. პერფორმანსი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეძღვნებოდა. გოგი წულაიას თქმით, სასამართლო ქვეყანაში გაუპატიურებული და ღირსებააყრილია.