2020 წელს ქვეყანაში პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები 1 მლნ-მდე პირი იყო | საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 958 317 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 783 705 პირი, რომელთაგან 71 % ქალია, ხოლო 29% – კაცი.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოსახლეობის საერთო რიცხოვნობამ 3 მლნ 716 ათას 900 შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35.0%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.0% – კაცები.

სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5 % შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6% – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9% – ომის მონაწილეები, 5.7% – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3% – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.

სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 146 619.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.