2020 წელს Tbilisi Open Air არ გაიმართება

პუბლიკა

2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის, – ამის შესახებ განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

„ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ 11 წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ისთვის თითქმის არცერთი წელი ყოფილა სირთულეებისა და გამოწვევების გარეშე. მეტიც, რამდეჯერმე ფესტივალის ჩატარება-არჩატარების საკითხიც კი დამდგარა. ყოველ წელს ჩვენ ამ სირთულეებზე თქვენთან ერთად ვიმარჯვებდით და წინ მივიწევდით. სამწუხაროდ, 2020 წელი უკვე ნამდვილად აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, ვიყოთ ისეთი თავისუფლები, როგორებიც ყოველწლიურად ვართ ხოლმე Tbilisi Open Air-ზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება Tbilisi Open Air 2021-ს, მათი თქმით, ის მომავალი წლის 25-26-27 ივნისს გაიმართება.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვარღვევთ ტრადიციას და 2021 წლის ფესტივალის თარიღებს ახლავე ვაცხადებთ: Tbilisi Open Air 2021 ჩატარდება 25-26-27 ივნისს. მოვახერხეთ მოლაპარაკება ჩვენი წლევანდელი უცხოელი ჰედლაინერების უმეტესობასთან და უკვე შეგვიძლია გითხრათ, რომ ლაინაფში გაისადაც გვეყოლება:

• Polo & Pan, LP, She Wants Revenge, Kite (Main Stage).
• Konstantin, Robag Wruhme, Barac, Jennifer Cardini, Map.Ache (EyeStage).
• Gaspard, Fungus Funk (Garden Stage).

წლევანდელი ლაინაფიდან ქართველი არისტების დიდი ნაწილიც შემოგვიერთდება ერთი წლის შემდეგ.

2021 წლის ფესტივალზე აუცილებლად დაემატება რამდენიმე უცხოელი ჰედლაინერი ყველა სცენაზე და საბოლოო ლაინაფს უკვე გაისად, გაზაფხულზე გაგაცნობთ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მათი თქმით, ყველა, ვინც წლევანდელი ფესტივალის აბონემენტის შეძენა მოასწრო TOA 2021-საც უფასოდ დაესწრება. „სასაჩუქრე საშვებს TBC – თიბისისთან და TKT.GE-სთან ერთად დავამზადებთ და სექტემბერში გავცემთ”.