2020 წლის 3 თვეში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლები გარდაიცვალა – NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ზოგად პოპულაციაში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრი წერს, რომ  მსოფლიოში მწირი ინფორმაცია არსებობს კორონავირუსთან  დაკავშირებით და გავრცელების ზუსტი მასშტაბის დადგენაც საკმაოდ რთულია.

თუმცა რიგ ქვეყნებში, გარდა COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა, ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.

ცენტრის განმარტებით, მომატებული სიკვდილიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვდილიანობა ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.

საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (13011) 4%-ით ნაკლებია.

შედარებისთვის: 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12335).