2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარი დაჭრის საქმეზე 2 პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 2020 წლის დეკემბერში თბილისში მომხდარი დაჭრის საქმეზე ძებნილი ორი პირი აბასთუმანში დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 პისტოლეტი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.დ.-მ 2020 წლის 29 დეკემბერს,თბილისში, სოფელ დიღმის ახლოს მდებარე სასაფლაოზე, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და იმ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ თ.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან, ბრალდებულ გ.ღ.-სთან ერთად, მისივე ავტომობილით მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ამ საქმეზე ორი პირის ძებნა 15 იანვარს გამოცხადდა და პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ემუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

1978 წელს დაბადებულ ა.დ.-სგანზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1978 წელს დაბადებულ გ.ღ.-ს კი ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რაც 3-დან7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.