2020 წლის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება და რეკომენდაციები ხელისუფლებას - ISFED

პუბლიკა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება, ასევე ის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის ივლისამდე განვითარდა.

„2020 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასზე გავლენას მოახდენს კორონავირუსული ინფექცია COVID-19 და მისი გავრცელებით შექმნილი რისკები, შესაბამისად, ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ასეთი რისკების არსებობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება და ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირება.“ – ნათქვამია დოკუმენტში.

მედია გარემოსთან დაკავშირებულ ნაწილში ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“ -ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებმა გააძლიერა განცდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალური მედია საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი იქნება და ნათქვამია, რომ „ფეისბუქის“ პლატფორმის ბოროტად გამოყენება კვლავ გრძელდება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პოლიტიკური პარტიებისთვის.

საქართველოს ხელისუფლებას

  • მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკნონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას;
  • COVID-19-ის არსებობით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. აუცილებელია, ნებისიერი საკანონმდებლო ცვლილება და დაწესებული რეგულაცია იყოს ზომიერი და არსებული რისკის პროპორციული, რომ არ მოხდეს საარჩევნო უფლების გაუმართლებლად შეზღუდვა;
  • მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მედია ორგანიზაციების თავისუფალ და მიუკერძოებელ საქმიანობას. დაუშვებელია მოხდეს ნებისმიერი ფორმით ჩარევა მაუწყებლის საქმიანობაში და მისი დამოუკიდებლობის გარანტიების შეზღუდვა.

 ვრცლად დოკუმენტისა და წარმოდგენილი რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.