2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდილ სხვაობას მთავრობა დაასუბსიდირებს - გახარია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმის მიუხედავად, რამდენით გაძვირდება ელექტროენერგიაზე გადასახადი, 2021 წელს მოქალაქეები, რომლებიც 300 კილოვატამდე მოიხმარენ ელექტროენერგიას, მთავრობა ძველ ფასსა და ახალ ფასს შორის სხვაობას სუბსიდირებას გაუწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„როდესაც, თუნდაც ობიექტური მიზეზის გამო, იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი, ეს არის ჩვენთვის ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. მიუხედავად იმისა, ამ მომენტისთვის არ ვიცით, ტარიფის ზრდა რა რაოდენობით, რა სიდიდით მოხდება, რამეთუ ეს არის კომისიის კომპეტენცია, ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, პარლამენტის წარმომადგენლებთანაც და მივიღეთ ერთადერთი, ამ მომენტისთვის შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება.

2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.

საქართველოშ არის სულ 1 700 000 აბონენტი, აქედან 1 600 000 მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების ოჯახების, სრულად იქნება ნაზარდი ფასის სუბსიდირებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სუბსიდია შეეხება ასევე წყლის ტარიფს სოციალურად დაუცველებისთვის თბილისში, მცხეთასა და რუსთავში.

ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდია გათვალისწინებულია ადგილობრივ წარმოებებისთვის.

„ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში, საკვები პროდუქტების წარმოების…ადგილობრივ წარმოებაზეა აქ საუბარი. სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფის სხვაობა 50%-ით, 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტების ფასზე არ აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.