„2021 წლის იანვარ-მარტში შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის 1 931 ნებართვა გაიცა“ | საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს ინფორმაციას მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია 2021 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკას მოიცავს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქსტატი ამბობს, რომ საქართველოში 2021 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 1 931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5% ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4% ნაკლები).

„ნებართვების 73,5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8% ქ. თბილისზე, 11,1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8% – იმერეთის რეგიონზე და 6,8% – ქვემო ქართლის რეგიონზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 30,1% ქ. თბილისზე, 13,2% – კახეთის რეგიონზე, 13,2% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,0% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.


საქსტატის ინფორმაციითვე, სულ 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 341,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,5% ნაკლები) 562 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,1% მეტი).