2022 წელს ბუნებრივი აიარით მოწამვლის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 15 ადამიანი

პუბლიკა

ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბუნებრივი არის მიწოდებასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხად უსაფრთხოების პრობლემა იდგა.

ანგარიშში ბუნებრივი გაზის კომპანიებიდან მიღებული მონაცემებია ასახული. ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (მხუთავი არით CO-თი 64 ინტოქსიკაციის) და სხვა უბედური შემთხვევების რამდენიმე ათეული ფაქტი, უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა მძიმდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად მთლიანობაში დაფიქსირებულია აფეთქების 4 ფაქტი, რომლის შედეგად გარდაიცვალა – 3 მოქალაქე. აფეთქების შემთხვევებიდან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს მთლიანობაში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის წვის შედეგად წარმოქმნილი მხუთავი აირისაგან (CO – ნახშირჟანგი, იგივე, ნახშირბადის მონოქსიდი) ინტოქსიკაციის (მოწამვლის) – 76 შემთხვევა. გარდაიცვალა – 15 ადამიანი.

„როგორც ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მხუთავი აირით მოწამვლის ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ამ მხრივ კვლავ პრობლემურად რჩება მსხვილი ქალაქები, მათ შორის ქალაქი რუსთავი და ქუთაისი“, – ნათქვამია ანგარიშში.