2022 წელს მთავრობამ განკარგულების 372 პროექტი განიხილა, დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა - TI

პუბლიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ცნობით, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე განკარგულების 372 პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.

TI-ის ცნობით, დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც, თუმცა ადმინისტრაციამ შარშან მათი გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს არ უპასუხა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უკვე 2 წელზე მეტია, მთავრობა თავს აღარ თვლის ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით, მთავრობა, არა მხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს.

„გასული წლის განკარგულებების 40% – 372-დან 150 – კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათვე თქმით, განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, ის ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს:

  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
  • მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
  • მთავრობის დადგენილებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე.

TI მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.