2022 წლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადების ხელფასები თბილისსა და რეგიონებს შორის თანაბრდება - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მომავალი წლიდან სასწარაფო დახმარების ბრიგადების ხელფასები თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდება. ტიკარაძის თქმით, სამედიცინო პერსონალში ჩნდებოდა უთანასწორობის განცდა, რის გამოსწორებასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ტენდენცია არის ზრდის ხელფასების და 2014 წლის შემდეგ 160%-ით არის ხელფასები გაზრდილი, ასევე, არის გაზრდილი სოფლის ექიმების ხელფასები, თუმცა აქაც ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ ეს ხელფასები არაა თანაბარი თბილისსა და რეგიონში.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, ასევე, პერსონალში ჩნდება უსამართლობის განცდა, რომ როდესაც ერთნაირ სამუშაოს ასრულებენ, რატომ უნდა იყოს ასეთი არათანაბარი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან?!

2022 წლიდან უკვე თანაბრდება თბილისისა და რეგიონების სასწრაფო დახმარების ბრიგადების ხელფასები და რა თქმა უნდა, მათთვისაც ჩვენ არ დაგვიწყებია მადლიერების ნიშნად 50% ოდენობის ანაზღაურების დამატება.

დავაკონკრეტებ, რომ ეს მადლიერების ნიშანი არ არის, ეს არის მათი კუთვნილი ანაზღაურება, რომლის მიცემის ვალდებულებაც ჩვენ გვქონდა და ესეც მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას.

ასევე, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისსა და რეგიონებს შორის უთანასწორობას აჩენდა სასწრაფო დახმარების მანქანებისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

მისი თქმით, რეგიონებში მოითხოვენ რეანომობილებს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომაა, რომ რეანომობილებით თბილისში პაციენტების გადმოყვანის ნაცვლად განვითარდეს ადგილობრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. თუმცა, მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები რეგიონებისთვის აღიჭურვა ისე, რომ მათ შეძლონ რეანომობილის ფუნქციის შესრულებაც.