2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, COVID-19-ის მართვის ხარჯები 310 მლნ ლარით მცირდება

პუბლიკა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა შეადგენს 18 მილიარდ 443 მილიონ 276 ათას ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 1 მილიარდ 55 მილიონ 470 ათასი ლარით.

პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვასთან დაკავშირებული ასიგნებები (1 713,2 მლნ ლარი).

პროექტის მიხედვით, COVID-19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მლნ ლარით (2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 310 მლნ ლარით).

„ეს შემცირება გამოიწვია გათვლებმა; გასულ წელს ყველაზე მწვავე პერიოდი გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში, ამიტომ ხარჯები 2021 წელს ავანაზღაურეთ. გადმოყოლილი ვალდებულებების გამო, მეტი თანხის დახარჯვა გახდა საჭირო. მეორე მხრივ, თუნდაც არასაკმარისი, მაგრამ ვაქცინაციის 30%-იანი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, ვიდრე იყო 2021 წელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის ბიუჯეტში COVID-19-ის მართვის ხარჯი 820 მილიონ ლარამდეა.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 846 მილიონ ლარს შეადგენს.