2023 წლის I კვარტალში რუსეთი 220 ათასზე მეტი ვიზიტორით ლიდერობს - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.3 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (256.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ამავე მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 15.0%-იანი წილით.

საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ვიზიტი (46.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაშო – 559.5 ათასი და 333.8 ათასი ვიზიტი. არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ყველაზე მეტი (30 პროცენტი) საკვებსა და სასმელში დახარჯეს.

ამავე მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების* 1.2 მილიონი შემოსვლა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების** მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 79.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.


* ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

** ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით ჩამოსულები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).