გახარიას პარტია: 2024-ის არჩევნებს ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს

პუბლიკა

გიორგი გახარიას პარტიის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები – ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.

პარტია „საქართველოსთვის” რუსეთის საგარეო დაზვერვის 9 ივლისის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის პროპაგანდისტული ნარატივის თანახმად, აშშ საქართველოში 26 ოქტომბერს ხელისუფლების შესაცვლელად ემზადება.

გახარიას პარტიის შეფასებით, „რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევისა და არჩევნების გაყალბებაში „ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება”.

პარტია მიუთითებს, რომ „განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული”.

„არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ საყურადღებოა სუსის როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად.

ამ პირობებში, მიგვაჩნია, რომ ახლა ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი – ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები – ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს.

ამ არჩევნებზე გადაწყდება არამხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი”. ,- აცხადებს პარტია „საქართველოსთვის”.

9 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა მორიგი პროპაგანდისტული განცხადება იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შეცვლა აშშ-ს აქვს გადაწყვეტილი.

განცხადების მიხედვით, აშშ-ს ეს „ჰოლივუდის სცენარით და ანტირუსული ენთუზიაზმით აქვს დაგეგმილი – რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია”. რუსული პროპაგანდა ახსენებს სალომე ზურაბიშვილსაც და მიუთითებს, რომ სწორედ „მან უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში”.

რამდენიმე საათში „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ გაიმეორა რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპაგანდისტულ ნარატივი, რომ „გარკვეული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ”.

ამასთან, ბოლო რამდენიმე თვეა, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ღიად და მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლურია.