2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება განახლდა და საგამოძიებო მოქმედებები – მოწმეების გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით, 2 კვირის წინ გამოიკითხა ნიკა მელიაც.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე „პუბლიკას“ ეუბნება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 წლის წინ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, ახლა კი პროკურატურამ საქმე 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც საარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელის შეშლას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორად დაიწყო და შემდეგ პროკურატურამ გადააკვალიფიცირა. ახლა უშუალოდ მიმდინარეობს იქ მყოფი მოწმეების, ვინც უშუალოდ ამ დანაშაულებრივ კადრებში ჩანს, ამ ადამიანების გამოკითხვა. რეალური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო ორი წლის თავზე“, – თქვა ადვოკატმა.
გამოძიების განახლებას ადვოკატი ნიკა მელიას ორ მოსალოდნელ განაჩენს უკავშირებს.
ნიკა მელია, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, ბრალდებულია კიდევ ორ საქმეში.
პირველი საქმე, რომელზეც შესაძლოა, განაჩენი 6 აგვისტოსაც გამოცხადდეს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფაა.
ამ საქმეზე მელიას მხარემ მტკიცებულებები უდავოდ ცნო. სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეო, რომელშიც ისმის ფრაზა „მოსამართლე **ე ხარ“.
მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა, ექსპერტიზის შეფასებით, „უვარგისია და ვერ დადგინდება ფრაზის წარმომთქმელი პირი“.
მეორე საქმე კი უკავშირდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას საბოტაჟთან დაკავშირებით, რომელშიც ბრალდებულები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის, ნიკა მელიაც. საქმის განხილვა შემოდგომამდეა გადადებული.
„რადგან ეს ორი განაჩენია მოსალოდნელი და ჩვენი მოლოდინია, რომ ნიკა მელიას სასჯელი გაუხანგრძლივდება, ამის საკომპენსაციოდ სამტრედიის პოლიცია, შსს ამ საქმეზე იტყვის, რომ ნიკა მელიას კი მივუსაჯეთ და დავუმატეთ წლები, მაგრამ ამ საქმეზე დაზარალებულად ვცანითო.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა მელიას დაზარალებულად ცნობა მოხდება პარალელურად. არ არის გამორიცხული, 6 აგვისტომდე, განაჩენამდე მოხდეს ან პარალელურად მოხდეს ეს ყველაფერი“, – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, 2024 წლის თავდასხმის საქმის ფიგურანტი გამოძიებას მაშინვე დადგენილი და გამოკითხული ჰყავდა.
„დადგენილი ჰყავთ. გამომძიებელმა დამიდასტურა, რომ 2024 წლის 13 აგვისტოსვე გვყავდა მოყვანილი, გამოვკითხეთ და აღიარაო. ისიც აღიარა, რომ პოლიტიკური ნიშნით დავესხი ნიკა მელიას თავსო. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და არ ეთანხმება ოპოზიციის პოლიტიკას.
იმასაც ამბობს, რომ თითქოს თავდასხმის დროს მეც მცემესო, მაგრამ კადრშიც ჩანს, აქტივი ვინც იყო, მისდევს შეკავების მიზნით, რომ პოლიციისთვის გადაეცათ, ეს ბატონი გარბის და შერბის წინ, ყოფილა დაკრძალვა და იმ სუფრაზე.
რეალურად იქ შეხლა-შემოხლის გარდა ვინმეს მიზანმიმართულად რომ ეცემა, არა. არ არის გამორიცხული, რახან ეს აქვს ჩვენებაში ნათქვამი ამ ადამიანს, აქეთ მხრიდანაც, ნიკა მელიას მხარდამჭერებიდანაც რამდენიმე პიროვნება მისცენ პასუხისმგებლობაში“, – თქვა ადვოკატმა.
2024 წლის 12 აგვისტოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.
მელია კოალიციის რეგიონული ოფისის გახსნისას მედიას კომენტარს აძლევდა, რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მიიჭრა და თავში მუშტი დაარტყა.
ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირება.
ნიკა მელიას ამ ეტაპზე თავისუფლება აღკვეთილი აქვს – 26 ნოემბერს 1.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, მანამდე, ივნისში 8 თვე მიესაჯა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
ამასთანავე, მელიას ბრალი ედება ე.წ. საბოტაჟის საქმეზე და თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე.