საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ავიაკომპანია ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
„საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ British Airways-ს აქვს ძალიან კარგი კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებით გაუმჯობესდება დაკავშირებადობა როგორც ბრიტანეთთან, ასევე ამერიკის კონტინენტთანაც, რადგან დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე.
British Airways-ის საქართველოში შემოსვლა ხელს შეუწყობს ბრიტანეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას. გარდა ამისა, ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ.