2025 წლის შეთანხმების შემდეგ სომხეთმა პირველად დაიწყო აზერბაიჯანში პროდუქციის ექსპორტი

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთმა აზერბაიჯანში ალუმინის ფოლგის პარტია გაგზავნა, რაც 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გააქტიურების შემდეგ სომხეთიდან აზერბაიჯანში პროდუქციის პირველი ექსპორტია. სომხეთისთვის ეს აზერბაიჯანში პროდუქციის პირველი გატანაა, თუმცა აზერბაიჯანი სომხეთს ნავთობპროდუქტებს 2025 წლის დეკემბრიდან რეგულარულად აწვდის.

ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული სამიტიდან რამდენიმე თვეში დაიწყო. სამიტზე სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოახდინეს, თუმცა დოკუმენტი საბოლოოდ ხელმოწერილი ჯერაც არ არის.სამიტის შედეგად ასევე მიაღწიეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP)  შექმნაზე – ეს არის შემოთავაზებული სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჭევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა ალუმინის ფოლგის გაგზავნის შესახებ 24 სექტემბერს განაცხადა, თუმცა პარტიის მოცულობა არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა სომხეთი აზერბაიჯანში სხვა პროდუქციის ექსპორტსაც, პაპოიანმა უპასუხა: „ვნახოთ“.

აგვისტოს ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტი მალე დაიწყებოდა.

„მომდევნო რამდენიმე დღეში გაიგებთ, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიებმა სომხური კომპანიებისგან საქონელი შეიძინეს“, – თქვა მაშინ მირზოიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პროდუქციის ექსპორტზე იყო საუბარი.

ამგვარად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ორმხრივი ხდება, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში სავაჭრო ურთიერთობები ძირითადად აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტით შემოიფარგლებოდა.

2026 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში 5,8 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც სომხეთიდან აზერბაიჯანში იმპორტის ღირებულებამ მხოლოდ 960 დოლარი შეადგინა. იმ პერიოდში სომხეთის ხელისუფლებამ უარყო, რომ აზერბაიჯანში რაიმე პროდუქციის ექსპორტი მოხდა.

მოგვიანებით აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა განმარტა, რომ სომხეთიდან იმპორტად აღრიცხული 960 დოლარის ღირებულების პროდუქცია ნიდერლანდებიდან იმპორტირებული ვარდები იყო. აზერბაიჯანის წესების მიხედვით, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის გამოქვეყნებისას იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნად პარტნიორი ქვეყანა ითვლება.

„შესაბამისად, ეს ვარდები საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკაში სომხეთიდან იმპორტირებულ საქონლად აისახა“, – წერდა აპრილში აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედია გამოცემა APA.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.