ევროკავშირის საბჭომ სომხური პროდუქციისთვის დროებითი სავაჭრო-ლიბერალიზაციის ზომები დაამტკიცა, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერას რუსეთის მიერ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, სომხეთიდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 80%-ზე იმპორტის საბაჟო გადასახადები გაუქმდება. შეღავათები პროდუქციის ფართო სპექტრს, მათ შორის, გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსაც შეეხება.
დროებითი შეღავათიანი რეჟიმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. მისი მიზანია სომხეთიდან ევროკავშირში სავაჭრო ნაკადების მხარდაჭერა და გაძლიერება. ევროკავშირის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) მიზნებს.
შეღავათიანი რეჟიმი გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს და მოიცავს დამცავ მექანიზმებსაც. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთიდან გაზრდილი იმპორტი ევროკავშირის მწარმოებლებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ცვლილებები ევროპარლამენტმა დაამტკიცა.
„ჩვენ ვაძლიერებთ სომხეთისა და მისი ხალხის მხარადაჭერას, რომლებმაც, მიუხედავად საგარეო ზეწოლისა, მკაფიოდ აირჩიეს ევროპული გზა. დღევანდელი გადაწყვეტილება დაეხმარება სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ სომხეთის ეკონომიკას და აჩვენებს, რომ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ. ირლანდია ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა.
დღეს დამტკიცებული რეგულაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას ხელი მოეწერება და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.