„21 იანვარს ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში“ - სოფო ჯაფარიძე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, 21 იანვარს სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ექიმების ჯგუფთან ერთად სოფელ რუხში ჩავლენ.

როგორც სოფო ჯაფარიძე ამბობს, ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

„კვირას – 21 იანვარს, 12 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების დიდ ჯგუფთან ერთად ჩავალთ ენგურის ხიდის მიმდებარე სოფელ რუხში.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ხელისუფლებას იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც მწვავედ დგას ენგურს მიღმა, საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩვენი ექიმების გუნდი მზად არის გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება თითოეულ მათგანს და გვერდით დაუდგეს ყველასგან მიტოვებულ ადამიანებს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქდეთ ყოფა.

ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს კომუნიკაცია ექიმებთან აქციის შემდეგაც, რადგანაც როგორც ჩემთვისაა ცნობილი, სავალალო მდგომარეობაშია ჯანდაცვა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ადამიანები აფხაზეთიდან უპატრონობის განცდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი გადაწყვეტილების აუცილებლობაში. გელოდებით სოფელ რუხში კვირას 12 საათიდან თოდუას ქუჩაზე, ჩვენ ვართ ერთნი და ეს ერთობა ენგურის ხიდთან კიდევ ერთხელ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი უპირობო მხარდაჭერით“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.