თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა გიორგი ჩხეიძე სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა.
გიორგი ჩხეიძე 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ დააკავეს.
შსს მას სამართალდამცველის შეურაცხყოფას ედავებოდა. უწყება ამტკიცებდა, რომ ჩხეიძემ სამართალდამცველებს „მონა“ უწოდა.
გიორგი ჩხეიძე ამას უარყოფს. ჩხეიძის ადვოკატის, მარიკა არველაძის განცხადებით, საქმეში შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი.
პროცესზე დაცვის მხარემ წარადგინა „პუბლიკის“ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სასამართლოდან გამოსული გამომძიებელის, სალომე ედიშერაშვილის გარშემო ხმაურია, გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას და ხელში ტელეფონი უჭირავს. ამ დროს მასთან სამართალდამცველები მიდიან და ძალის გამოყენებით აკავებენ.
ადვოკატმა ჩხეიძის ტელეფონის ამოღება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შსს-მ მტკიცებულებად ერთ-ერთი ტელევიზიის ვიდეოჩანაწერი და მოწმე პოლიციელი წარმოადგინა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი სოსლან კაბულოვი ამტკიცებს, რომ დაინახა, როგორ აყენებდა გიორგი ჩხეიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ანუ „მონას“ ეძახდა სალომე ედიშერაშვილს.
ადვოკატების შეკითხვების პასუხად სოსლან კაბულოვმა თქვა, რომ ის გიორგი ჩხეიძისგან 7-8 მეტრის მოშორებით იდგა, ვერ ხედავდა მის სახეს, თუმცა ხმა გაიგო, რომ გიორგი ჩხეიძე ამბობდა „მონას“ და მიიწევდა სალომე ედიშერაშვილისკენ.
„ხმა გავიგე და ხმა და გიორგისგან ისეთ მანძილზე ვიყავი, რომ დავინახე, ნუ გავიგე, სმენა და… არ შემეშლებოდა სხვა პიროვნებაში, ამიტომაც დავაკავე. თვითონ პიროვნება დავინახე, მაგრამ ზუსტად ასე, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, არ დამინახავს. სახიდან არ დამინახავს, ხმაური მოდიოდა ამ პიროვნების მხრიდან. ზუსტად რა კუთხით ვიდექი, არ მახსოვს, სალომე ედიშერაშვილის უსაფრთხოებასაც ვიცავდი და თან პარალელურად […] როდესაც ხმაური მოდის კონკრეტულად პიროვნებისგან, მიუხედავად იმისა, რომ სახეს ვერ ვხედავ და თან ხედავ, რომ ის პიროვნება მოდის იმ მხარეს, ვის გვერდითაც ვარ, საკმარისია, მივხვდე, რომ ის პიროვნება რაღაცას აპირებს“, – თქვა მოწმემ.
მისი თქმით, ჩხეიძე სხვა პოლიციელებთან, მათ შორის, მიხეილ სუჯაშვილთან ერთად დააკავა და მანქანამდე მიჰყვა, თუმცა დაცვის მხარის წარმოდგენილ კადრებში, სადაც დაკავებაა ასახული, თავი ვერ ამოიცნო.
სიტყვის უფლებით ისარგებლა გიორგი ჩხეიძემაც:
„ვეთანხმები ადვოკატების მიერ წარმოთქმულ სიტყვას, მე თავს არ ვცნობ სამართალდამრღვევად და ეს პროცესი, რომელიც აქ მიმდინარეობს, არ მიმაჩნია, რომ თუ ჩემ მიმართ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, იქნება სამართლიანი.
ბატონო მოსამართლე, გთხოვთ როგორც ადამიანი ადამიანს, თქვენს გადაწყვეტილებაში იყოთ თქვენ თავთან და სამართალთან მაქსიმალურად მართალი.
დღეს საქმეში გამოიკვეთა, რომ ვერავინ ვერ ადასტურებს იმას, რომ მე ქალბატონს მივმართე სიტყვა „მონით“. თუმცაღა მე უფლება მაქვს, ასეთი სიტყვა მოვიშველიო, ჩემი პირადი შეფასებაა, მაგრამ არ გამომიყენებია და არ მიმიმართავს მსგავსი სიტყვით არავისთვის საჯარო სივრცეში და ამ ფორმით შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ვერანაირად ვერ მტკიცდება ვერც ფაქტობრივად და ვერც პიროვნულობიდან გამომდინარე ამ მიმართვის წარმოთქმა“, – განაცხადა მან.