22:00 საათის შემდეგ მუშაობის გამო შსს-მ ორი ბარის შემთხვევაში გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს „ათონელის“ კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ „FELLERS“-ში იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.