23 წელია ვემსახურები სამშობლოს და ვერ მომაწებებთ აგენტის იარლიყს, მე ამას არ ჩავწერ, ბატონო შალვა - ეთერ თურაძე

პუბლიკა

„მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ [აგენტის] იარლიყს”, – ასე მიმართა „ბათუმელების” რედაქტორმა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პრესკონფერენციაზე.

„თქვენ ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა. თუ ქართულ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ, რა არის აგენტი, პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ ამ იარლიყს”, – მიმართა ჟურნალისტმა პაპუაშვილს. 

მან ასევე წინადადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მონაცემები შევიდეს 2000 წლიდან, რათა მასში რეგისტრაციის ვალდებულება მმართველი გუნდის წევრებსაც გაუჩნდეთ, ვინაიდან ისინი წლების წინ სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.

„ახლა მინდა, შემოგთავაზოთ ერთი წინადადება – აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან, თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, წინადადება მაქვს ასეთი – მოდით, დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2 000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში.

ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შალვა პაპუაშვილი, რომელიც მე რომ მთელ რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი, 2010 – 2011 წელს როცა მუშაობდით, ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით ამ ხელფასს. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა. მე ვიქნები მეოთხე, რომელიც ჩაწერს, რომ უცხოური ინტერესებისთვის მუშაობს. მე ამას არ ჩავწერ, ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ”, – განაცხადა ეთერ თურაძემ.