24 ივნისიდან „ექსპოჯორჯია“ თბილისის წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს

პუბლიკა

თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2021 წლის 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით ფიზიკური სახით გაიმართება. წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად „ექსპოჯორჯიაში“ უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ცნობით, 2021 წლის ფესტივალი დამთვალიერებლებს განსაკუთრებული სიხარულითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული პროგრამით ხვდება.

პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ტრადიციულ, ფიზიკურ ფორმატს უბრუნდება. „ექსპოჯორჯიაში“ გელით 50-ზე მეტი მონაწილე (მათ შორის გამომცემლობები, წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და წიგნთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები); 100-მდე ლიტერატურული ღონისძიების 100-ზე მეტი მონაწილე მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, ლიტერატორი და ხელოვანი ფესტივალის მთავარ სცენაზე; ტრადიციული, განსაკუთრებული პროგრამა პატარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ საბავშვო სივრცეში ფესტივალის მეგობარ „თიბისისთან“ ერთად.

2021 წელი განსაკუთრებულია იმითაც, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (International Publishers Association – IPA) 125 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოწვეულ სტუმრებსა და ერთგულ დამთვალიერებელს ისტორიულ ონლაინღონისძიებას წარუდგენს, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ასოციაციის სხვადასხვა დროის ოთხი პრეზიდენტი ერთ სივრცეში მოიყრის თავს და განიხილავს მსოფლიო საგამომცემლო სფეროსათვის საკვანძო თემებს, საგამომცემლო ინდუსტრიის უწყვეტ გზას წარსულიდან მომავლისკენ. ფესტივალის სტუმრებს ოფიციალურ გახსნაზე ვიდეომიმართვით მიესალმება გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი.

ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადის გასაკონტროლებლად, საჭირო გახდა რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სრულიად ახალ ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.

ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.