24 თებერვალს მიწვეული ვართ ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა უარს ვამბობთ - ზარქუა

პუბლიკა

„დიახ, 24 თებერვალს მიწვეულები ვართ ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა უარს ვამბობთ, რადგან, როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პოლიტპატიმარს უწოდებენ პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, როგორც ჩვენი, ასევე, ევროპულო სასამართლოს მხრიდან, მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, საერთაშორისო დონეზე. ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმაზე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ და შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში, შემდეგ კიდევ დაამატეს, თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარია, არადა ზეპირად იციან, რა ბრალდებისთვის არის ის ციხეში. კიდევ ერთხელ, რუსეთი დამარცხდება და თავისუფალი სამყარო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ზარქუამ.

მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

ეს ინფორმაცია ბიუროს სხდომაზე დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, საკითხი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს შორის კომუნიკაციისას განიხილეს, სადაც გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ, იმ პირობებში, რომელშიც არის, უკრაინისადმი ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც ასეთ მდგომარეობაში მყოფი არცერთი ქვეყანა არ გამოიჩენდა.

„24 თებერვალს უკრაინაში იგეგმება ღონისძიება ყველასთვის, ვისაც ჩასვლის სურვილი აქვს. ამასთან დაკავშირებით მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ საქართველომ ამ ერთი წლის განმავლობაში, იმ პირობებში, რომშიც ვარ, ისეთი სოლიდარობა გამოიჩინა, რომელსაც არ გამოიჩენდა არცერთი ქვეყანა, თუ ასეთ პირობებში იქნებოდა.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის დაცული NATO-ს ქოლგით, ამის მიუხედავად ყველაზე ხმამაღალი ვართ საერთაშორისო ფორმატებში, ასევე, ვართ ქვეყანა, რომელიც განსხვავებით ამ ალიანსში მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სხვა ქვეყნისგან, არ ვართ დაცული ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით. ამავე დროს ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ვართ ყველაზე კეთილსინდისიერები, რაც სანქციების გვერდის ავლის ხელშეშლას შეეხება. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და რისკი, რომ ვინმე შეეცადოს, ეს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს, დიდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ინფორმაცია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტზე უარი თქვა, თავდაპირველად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გაავრცელა.