24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე მეორე პირიც დააკავეს

პუბლიკა

თბილისში, „დამპალოს“ სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე მეორე პირიც დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

ბრალდებული ზ. ფ. მის თანმხლებ პირთან ვ.ბ.-სთან ერთად შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას. კონფლიქტში მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ფ.-მ ვ.ბ.-სთან ერთად ჯგუფურად, მ.წ.-ს მიაყენეს სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მ.ჩ.-მ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე პატიმრობა 7 იანვარს შეეფარდა.

მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.