24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს, 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა.

მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროკურატურის განცხადებით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ.-ს და მ. წ.-ს

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი”.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წურწუმიას წამებით მკვლელობაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა და მათ დაკავებასაც მოითხოვენ.