„ქართული ოცნება" სუროგაციის სრულად აკრძალვას აპირებს

პუბლიკა

„ქართული ოცნება” სუროგაციის სრულად აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კირცხალიას თქმით, 98% ადამიანებისა, ვინც ამ სერვისით სარგებლობს,  საქართველოს მოქალაქე არ არის, რაც შეეხება იმ დარჩენილ 2%-ს, ეს ნაწილი უმრავლესობის ლიდერის თქმით – „გაგებით მოეკიდება”.

„როდესაც ასეთ რისკებთან გვაქვს საქმე, დამერწმუნეთ, ის საზოგადოება ვართ, იმ მენტალობის ქვეყანა ვართ, იმ რწმენის და შეხედულებების ქვეყანა ვართ, ის 2%-იც თუ 1.5%-იც ძალიან გაგებით მოეკიდება იმ რისკებს, რომელი რისკებიც ჩვენ აქ ჩამოვთვალეთ” – დასძინა კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, სულ 5-6 ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრციდან დარჩენილი, მათ შორის, საქართველო, სადაც ჯერ კიდევ დგას სუროგაციის საკითხი. მისივე თქმით, 2023 წლიდან სუროგაციის „ბაზარზე” მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია. 

„ევროკავშრიის წევრი ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული, მაგრამ რაც შეეხება კომერციალიაზციას, გვახსოვს ეს საკითხი 2023 წელსაც იდგა, 2023 წლის ვითარება რომ შეადაროთ ამ ბაზარზე, სამწუხაროდ, ამ სიტყვას ვამბობ, როცა კომერციალიზაციაზე ვსაუბრობ და დღევანდელი ციფრები კოლოსალურად არის [სხვაობა].

ფაქტობრივად 100-100%-ით იზრდებოდა ყოველი წლის მანძილზე და ეს წარმოშობს იმ რისკებს, რომელი რისკებიც ჩამოვთვალეთ” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღეს კიცხალიამ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის სრულად აკრძალვის მიუხედავად, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას შეზღუდვები არ შეეხება და ის კვლავ მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება.