საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ვიზიტით რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარე საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

„20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში.

21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.

ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად” – წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში

საპატრიარქოს ინფორმაციით, ამავე საღამოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავად რუსეთის საპატრიარქომაც. 

„მართლმადიდებლების ერთმანეთისგან დაშორება ძალიან მარტივია, ხოლო მათი გაერთიანება  – ძალიან რთული. ჩვენი ეკლესიისა და მრავალი სხვა ეკლესიის მაგალითზე ვიცით, რომ სხვადასხვა მიზეზით, უმეტესად ადამიანური ცოდვების გამო წარმოშობილი განხეთქილებები შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ეკლესიის სხეულზე მოუშუშებელ ჭრილობად.  სამწუხაროდ, დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა განკურნებაც აუცილებელია.

ამ ჭრილობების მკურნალობის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შესაძლოა ყველაზე არასასურველი აღმოჩნდეს. ამიტომ, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობისას წარმოიშობა, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ურთიერთობები და, ღვთის წყალობით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ჭრილობები განვკურნოთ, რადგან მკურნალობის გარეშე ისინი შესაძლოა ხანგრძლივ დაავადებად იქცეს“ – თქვა პატრიარქმა კირილემ.

ამ კონტექსტში პატრიარქმა კირილემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს ეკლესიის დადებითი როლი და მნიშვნელობა, რომელიც კანონიკური ჭეშმარიტების მხარეს დგას.

რუსეთის საპატრიარქოს თქმით, მიტროპოლიტმა თეოდორემ აღნიშნა, რომ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს კანონიკურ უფლებას”. 

„ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას” – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ.

რა იგულისხმა მიტროპოლიტმა თავის სიტყვაში და გულისხმობდა თუ არა ის უკრაინის ეკლესიის არაღიარების საკითხს, ამ კითხვით „პუბლიკამ” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ ის ესაუბრა საქართველოს დელეგაციის წევრებს და „უკრაინაზე არ იყო ამ შემთხვევაში საუბარი”.