26 მაისის აქციის შემდეგ პროტესტი რიონის ხეობაში გაგრძელდება - გოლეთიანი

პუბლიკა

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს „რიონის ხეობის მცველების“ გეგმების შესახებ გააცნო ინფორმაცია.

გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ რესპუბლიკის მოედანზე კვლავ გაიმართება ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია, შემდეგ კი დაიძრებიან რიონის ხეობისკენ, სადაც გაგრძელდება მათი პროტესტი.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ასეთი რამ, სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია, მათ შორის დღევანდელი დასკვნითაც, რომელიც გასაჯაროვდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებების შეფასებებითაც; ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად, ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს, ვინც აქ მოდის და ვინც კიდევ შემოგვიერთდება მომავალში. ამის შემდეგ უკვე დავიძრათ ხეობაში კოლონით, აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია უკვე ყველა პროცესი, რომელსაც ხელისუფლება სჩადის და აკეთებს. ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მივიდეთ იქ და ხელი შევუშალოთ უშუალოდ კომპანიის მუშაობას რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, ისარგებლონ, რომ ჩვენ აქ დისკომფორტი შევუქმნათ ჩვენს თანამემამულეებს და მათ გააგრძელონ ხეობის ნგრევა“,- აცხადებს გოლეთიანი.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აღარავისთვის ტოვებს სივრცეს, თქვან, რომ რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესი კანონიერია და უნდა გაგრძელდეს.

„ამისი თქმის მორალური უფლება ბოლომდე ამოწურა ხელისუფლებამ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მორალური უფლება და ვალდებულება იმისა, რომ ყველა ერთად ჩავიდეთ რიონის ხეობაში და არ მივცეთ კომპანიას იმის საშუალება, რომ დაანგრიოს ჩვენი ხეობა, შეცვალოს ლანდშაფტი და გვაგრძნობინოს ის, რომ ჩვენი უფლება და ნება არის უგულებელყოფილი“, – ამბობს გოლეთიანი.