26 ორგანიზაცია ხელისუფლებას სანქცირებული მოსამართლეების საქმიანობის გამოძიებას მოუწოდებს

პუბლიკა

26 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების: მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას ეხმიანება.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცაა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება.

უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში.

„ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანამდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობითა და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდი”;
  • „ილიას სამართლის სახლი” (ილიასი);
  • „საქართველოს სასამართლოს გუშაგი” (Court Watch);
  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”;
  • „დემოკრატიის მცველები”;
  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი” (EGI);
  • „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR);
  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”;
  • „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი” (CRC);
  • „არასამთავრობო ორგანიზაცია ფენიქსი 2009″;
  • „საფარი”;
  • მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”;
  • „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” (sovlab);
  • „საორსა”;
  • „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი” (CEAC);
  • „ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC);
  • „შავი ზღვის ეკო აკადემია” (BSEA);
  • „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი”;
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI);
  • „პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი”;
  • საზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა”;
  • „კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise”;
  • „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი”;
  • შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა „ახალი”;
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”;
  • „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ქუთას” (GCRT).