რას ურჩევს ეკა ტიკარაძე მომავალ მინისტრს

პუბლიკა

შრომის კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების შესახებ შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე, რომელიც წლის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. მან შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანისთვის შექმნილი იყოს ჯანმრთელი შრომითი გარემო, პირობები. მნიშვნელოვანია ფუნდამენტური უფლებების დაცვა“, – თქვა ტიკარაძემ.

მან ასევე უპასუხა მთავრობის სხდომებში მონაწილეობაზე და მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

„ბოლო მთავრობის სხდომაზე ჩვენი საკითხი არ გადიოდა. მზადების პროცესი გვქონდა, ეს შეთანხმებული იყო. დაესწრო ჩემი მოადგილე, რომელიც ასევე ხშირად ესწრება ხოლმე მთავრობის სხდომებს. იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, ვურჩევ, შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, სიმშვიდე და იდგეს ექიმების გვერდზე.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.


ეკა ტიკარაძემ 9 დეკემბერს განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. ის ამ პოსტზე წლის ბოლომდე დარჩება და გადაბარების პროცესს უხელმძღვანელებს. მინისტრი ასევე მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით გატარებული საქმიანობები ჯამდება. ეკა ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის ოფიციალური მიზეზი ცნობილი არაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე განიხილება რამდენიმე კანდიდატი. ერთ-ერთი პარლამენტარი არჩილ თალაკვაძეა.