როგორც განმარტავს დირექტორი ზუგდიდის უფასო ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარის მუშაობას

პუბლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარის მიხედვით, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.

ანგარიშის მიხედვით, მათ ხელფასებზე ჯამში 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბაღში შესვლა გარკვეული ხნის მანძილზე ფასიანი იყო, პანდემიის დაწყების შემდეგ კი მოლარე-ოპერატორები კოვიდ-რეგულაციების დაცვის მაკონტროლებლად მუშაობდნენ.

„ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა 2019 წელს. 2020-ში დაიწყო ოპერირება. პირველი ორი თვე იყო უფასო, რომ ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ენახა ბოტანიკური ბაღი, ხოლო თებერვალში (ზუსტად არ მახსოვს თარიღი) ფასიანი გახდა.

…პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადდა ლოკდაუნი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყოფილიყო თავისუფალი და ყველას მისცემოდა ისევ შესაძლებლობა, ესარგებლა ამ სივრცით.

თუმცა იყო კოვიდ რეგულაციები, რადგან კონტრაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჩვენ დამატებით მივანიჭეთ ეს ფუნქციები, რომ რეგულაციების დაცვაში დაგვხმარებოდა“, – აღნიშნა ქარჩავამ.