კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც კონკურენტი კანდიდატი არ ჰყავდა

პუბლიკა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პარლემენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თავდაპირველად ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე. თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, სადაც გაირკვა, რომ პაატა გურასპაული კანდიდატურას მოხსნიდა და არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა.

დღევანდელ ყრილობაზე 39 დელეგატიდან უკლებლივ ყველა გამოცხადდა. სანიკიძემაც ხმების 100 პროცენტი მიიღო.

„მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემ მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ სიტყვით გამოსვლისას.