საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდნის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

საპატრიარქოს რეზიდენციაში მანქანით შევარდნის საქმეზე დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

პროკურატურა როსტომ მაზმიშვილს ხულიგნობასა და ნივთის დაზიანებას ედავება.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დღევანდელ პროცესზე პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან მას შესაძლოა, გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დაკავებულის ადვოკატმა, ილია ნაცვლიშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებულის მიმართ ბრალდება არასწორად არის წარდგენილი და ბრალდების პოზიცია, რომ ის იარაღის გამოყენებით ახორციელებდა ქმედებას, არასწორია, რადგან ადვოკატის თქმით, იარაღად პლასტმასის ბოთლი ვერ ჩაითვლება.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც.

„ვსვამ კითხვას, რატომ ჩავიდინე და პასუხს მე ვცემ. დავიწყოთ იქიდან, 3 წლის განმავლობაში ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, ხან ნომერი დავტოვე, ხან რა დავტოვე, სამებაში ვიყავი წყნარად, დაცვას ვთხოვე მოსაყდრე შიოსთვის გადაეცათ, რომ შეხვედრა მსურდა, საპატრიარქოში მივედი, გამომიშვეს”,- განაცხადა ბრალდებულმა, რა დროსაც მას მოსამართლემ სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდა ის, შესაბამისად, მისი უფლება რომ არ დარღვეულიყო, პოზიცია ადვოკატთან შეეთანხმებინა” – განაცხადა პროცესზე მაზმიშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სასამართლო სხდომაზე მაზმიშვილმა ასევე თქვა, რომ მას კერძო ადვოკატისთვის თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. „არ მჭირდება ინტერესების დაცვა, მე მინდა მარტო ვიყო” – თქვა პროცესზე ბრალდებულმა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი ილია ნაცვლიშვილი დაიცავს.

პროკურატურამ 20 მაისს საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარზე როსტომ მაზმიშვილს ბრალი წარუდგინა „ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე”.

პროკურატურის პოზიციით, ბრალდებული „რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით” შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციასის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა.

უწყების ცნობით, ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.