რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ბექა ოდიშარიას ქვისლი ლევან გოგსაძე ჩაიბარებს. ამჟამად მიმდინარეობს ხელეკრულების მზადება მის კუთვნილ კომპანიასთან.
შპს „სმარტ სოლუშენის“ 100%-ის მფლობელია ლევან გოგსაძე, რომელსაც ცოლად ჰყავს ბექა ოდიშარიას მეუღლის და.
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი სამ ნაწილად გამოაცხადა. თითო ტენდერი თითო მონაკვეთს მოიცავს. კერძოდ: თ. ჭოველიძის ქუჩა – სავაჭრო ცენტრი „მერანი“, სავაჭრო ცენტრი „მერანი“ – ბესიკის ქუჩა და ბესიკის ქუჩა – თავისუფლების მოედანი.
ჯამურად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 954 650 ლარით განისაზღვრა.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი თბილისის მერიამ 15 ივნისს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყო და 3 დღეში დასრულდა. ტექნიკურ მოთხოვნებში პრეტენდენტს მოეთხოვებოდა, რომ 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა ჰქონოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150%-ის ღირებულების, გზების მშენებლობის ან/და კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 2025 წლიდან იგეგმებოდა. ჯერ მერიამ მიიღო სარეაბილიტაციო სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება, მოგვიანებით კი კომპანიებმა თქვეს უარი გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობაზე.