3 ბავშვთან ერთად კარანტინში – ოჯახის ისტორია, რომელიც თვითიზოლაციაში გადასვლას ითხოვს

პუბლიკა

ვერა მურღულია 3 არასრულწლოვან შვილთან, ძმასთან და დედასთან ერთად საფრანგეთიდან მანქანით ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს საფრანგეთის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი ჰქონდა, საზღვარზე მანქანა დაატოვებინეს და საერთო ავტობუსით გონიოში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარნტინო სივრცეში გადაიყვანეს. თვითიზოლაციის მოთხოვნაზე კი ჯანდაცვის სამინისტროდან უპასუხეს, რომ ყველა, ვინც საზღვარი გადმოლახა, ჯერ კარანტინში უნდა განთავსდეს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ თვითიზოლაციაზე განაცხადს. 

„4-ჯერ ავიღეთ ბილეთები ბოლო თვეებში და ოთხივეჯერ გაუქმდა. ბოლოს გვქონდა ბილეთები 1 ივლისს AirFrance-ის ფრენაზე – Paris-Tbilisi, მაგრამ ისიც გაუქმდა. მანამდე ვიცოდით, რომ 1 ივლისს საზღვრები გაიხსნებოდა და, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ვისაც ტესტი არ ექნებოდა კორონავირუსზე, საზღვარზევე ჩაუტარდებოდა, ვისაც ექნებოდა, გაუშვებდნენ. ამიტომ ჩვენ საფრანგეთშივე გავიკეთეთ ტესტი კორონავირუსზე. ტესტის პასუხები უკვე გვქონდა, როცა ფრენა გაუქმდა.

მე აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი, ჩემი ბიზნესის გამო, საქართველოში. ვატარებ პირველ საერთაშორისო ქალთა რალის, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი. ამიტომ დასასვენებლად არ მოვდიოდი.

„თან მახლდა დედა და ძმა, რომლებიც ქართველები არიან. საფრანგეთში ჩამოვიდნენ მარტის დასაწყისში. შემდეგ უკან ფრენა გაუქმდა და ვეღარ დაბრუნდნენ. საფრანგეთშიც „ლოკდაუნი“ გამოცხადდა და 4 თვე ვიყავით სახლში. ბევრი ლოდინის შემდეგ ფრენაც გაუქმდა და სხვა გზა არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, საფრანგეთიდან მანქანით წამოვსულიყავით“, – ჰყვება ვერა მურღულია.

მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ, კორონავირუსზე ტესტის პასუხების გამო, რომელიც საფრანგეთის ლაბორატორიაში 1 ივლისს აიღეს, საქართველოს საზღვარზე მისცემდნენ უფლებას საკუთარი მანქანით, რომლითაც მთელი ეს გზა გამოიარეს, თბილისში თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ, თუმცა საზღვარზე უთხრეს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქვეყანაში შემოდის, კარანტინში უნდა გადავიდეს, რადგან ასეთია კანონი.

ვერა მურღულია ამბობს, რომ თვითიზოლაციაზე განაცხადი შევსებული აქვს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროდან ავტომატურ პასუხს იღებს: „საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, პანდემიის პერიოდში საქართველოში დაბრუნებული პირები ექვემდებარებიან კარანტინში გადაყვანას. დამატებით გაცნობებთ, რომ თვითიზოლაციაში მოთავსება/გადაყვანა (განსაკუთრებულ შემთხვევებში) განიხილება მხოლოდ ვიზიტორის კარანტინში განთავსების შემდეგ”. ცხელ ხაზზე, 144-ზე დარეკვისას ეუბნებიან, რომ თვითიზოლაციაში განხილვის მოთხოვნას არ განიხილავენ, სანამ კარანტინში არ მოთავსდებიან.

„საფრანგეთიდან განაცხადის შევსებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან პასუხს ვიღებდით მეილზე, რომ, სანამ კარანტინში არ გადაგვიყვანდნენ, მანამდე არ განიხილავდნენ ჩვენს დოსიეს. საშუალოდ,  განაცხადის განხილვას კი 2 კვირა სჭირდებაო,  რადგან ძალიან ბევრი განაცხადია. საზღვარზე იყვნენ საფრანგეთიდან წამოსული სხვა პირები, რომლებიც გვიყვებოდნენ, რომ 10 დღის წინ შევავსეთ განაცხადი თვითიზოლაციაზე და იმედია განხილულიაო, მაგრამ ისინიც ჩვენთან ერთად გადმოიყვანეს კარანტინში“, – ამბობს ვერა მურღულია.

ვერა მურღულია სამ შვილთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. იმავე სასტუმროში, ცალ-ცალკე ოთახებში და მათგან მოშორებით განათავსეს მისი დედა და ძმა, რომელთან ერთადაც ერთი მანქანით იმგზავრა, ახლა კი ოჯახის წევრების ნახვის უფლებაც არ აქვს.

„ამ სასტუმროში მარტო მე მყავს არასრულწლოვანი შვილები. მხოლოდ ჩვენ ვართ 4 ადამიანი და ორი ოთახი გვაქვს, თითო ალბათ 12 კვადრატული მეტრი იქნება. თან ტყუპები ისეთი აქტიურები არიან, გადაატრიალეს ყველაფერი. აუზსა და ზღვაზე გვაქვს ხედი. აივნიდან უყურებენ, ბავშვები რომ ბანაობენ და ვერ ხვდებიან, რატომ არ აქვთ უფლება, გავიდნენ და თვითონაც იბანაონ ასეთ სიცხეში.

ტყუპები მოიწამლნენ გუშინწინ. არ ვიცი, რით. მხოლოდ კარანტინში დარიგებულ საკვებსა და ბოთლის წყალს ვიღებთ. ძალიან ცუდად იყვნენ, სიცხე ჰქონდათ. გადაგვიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში და  გადასხმები გაუკეთეს ორჯერ.

საავადმყოფში რომ მივედით, უსაფრთხოების მიზნით, რაკი კარანტინიდან მივდიოდით, გაგვიკეთეს სისხლის ანალიზი, კორონავირუსის საკვლევად და ფილტვების რენტგენი. ორივემ გამოავლინა, რომ არ გვაქვს კორონავირუსი და მომცა ინფექციურმა საავადმყოფომ საბუთი, აი, ხელში მიჭირავს – ვერა მურღულიას ჩაუტარდა PCR-კვლევა, ანალიზის პასუხით, პაციენტს არ დაუდგინდა კორონავირუსი და ჩვენი ცენტრიდან გავიდა 6 ივლისს. ასეთი პასუხები გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისევ უკან გადოგვიყვანეს და შემოგვკეტეს. პასუხად ვიღებთ მხოლოდ იმას, რომ სავალდებულოა კარანტინი. სავალდებულო კარანტინი მესმის, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვაქვს კორონავირუსი. ამ სასტუმროში მგონი ერთადერთები ვართ, ვისაც აქვს კორონავირუსზე ტესტი ჩატარებული და ასევე ერთადერთი, ვისაც 3 არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავს.

გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში რომ ვიყავით, ჩვენს პალატას უკანა კარი ჰქონდა გასასვლელი და წინ იყო გაზონი, ეზო. არავინ არ იყო ეზოში. ბავშვი დარბოდა ოთახში  და გავუღე კარი, ბალახზე რომ ერბინა. შემოვიდა ექთანი და ისე მეჩხუბა, როგორ გაბედე ბავშის გაშვებაო, შემოვიყვანე უკან. ისე გვექცევიან, თითქოს შავი ჭირი გვქონდეს.

რა ლოგიკას ექვემდებარება და ვის აწყობს ეს ყველაფერი, არ ვიცი, ამას ხომ საქართველოს ბიუჯეტი იხდის და რა საჭიროა  ეს ცირკი, არ ვიცი. საქართველოში ჩამოსასვლელად 6 ქვეყანა გადმოვლახე მანქანით. ყველა ქვეყენას გახსნილი აქვს უკვე საზღვრები. საქართველო თუ ელოდება, რომ კორონავირუსი გაქრება,  ეს არ მოხდება.

გუშინ სასწრაფოთი რომ ვბრუნდებოდი ინფექციურიდან კარანტინში, მეცინებოდა, რომ ორი საბუთი მეჭირა ხელში ფრანგული და ქართული, რომ არ გვაქვს კორონავირუსი და  მაინც ისე გვექცევიან, თითქოს შავი ჭირი გვაქვს. რა მიზანი აქვს ჩვენს აქ გამოკეტვას ვერაფრით ვერ ვხვდები“, – ჰყვება ვერა მურღულია.

ვერა მურღულია ამბობს, რომ კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხებთან ერთად მას და მის ოჯახს თვითიზოლაციაში ყოფნის საშუალებაც ჰქონდათ. ამის შესახებ საზღვარზეც უთხრა შესაბამის პირებს და ჯანდაცვის სამინისტროსაც უამრავი წერილი მისწერა, მაგრამ 3 ბავშვთან ერთად მაინც კარანტინში მოათავსეს და არც არავინ ეუბნება დამატებით არაფერს.

მთავრობის №322 დადგენილების „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, მე-11 მუხლში, რომელიც ფიზიკურ პირთა იზოლაციაში და კარანტინში გადაყვანის წესებს ეხება, წერია, რომ თვითიზოლაციაში მოთავსება შესაძლებელია განსაკუთრებული გარემოებებისა და ფაქტორების შემთხვევაში, მათ შორის, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

დამატება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „პუბლიკას“ დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ ვერა მურღულიას არ მიუმართავს მათთვის განაცხადით. ცენტრში ამბობენ, რომ ისინი დაელოდებიან განაცხადის მიღებას და ცენტრი განიხილავს კარანტინიდან ოჯახის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს.

„პუბლიკას“ ვერა მურღულიამ გუშინ ელექტრონული ფოსტაზე მიღებული წერილის ფოტოც გამოუგზავნა, სადაც ჩანს, რომ მას თვითიზოლაციაზე მოთხოვნა გაგზავნილი აქვს. მისივე თანხმობით, გიზიარებთ სქრინშოტს.