ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში 3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომიდან გახდა ცნობილი.
შუალედურ არჩევნებზე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.
უფრო კონკრეტულად, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით:
ვანში მაჟორიტარ დეპუტატს ბექა ლაჭყეპიანს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; ბექა ლაჭყეპიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ახმეტაში ადამე მოზაიძეს შეუწყდა უფლებამოსილების ვადა. ახმეტის საკრებულოს ვებგვერდის მიხედვით, მოზაიძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრია.
წალკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს რამაზ ხინიკაძეს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილების ვადა; რამაზ ხინიკაძე, რომელიც საკრებულოს წევრთან ერთად საბეჭისის საჯარო სკოლის დირექტორიც იყო, აპრილში გარდაიცვალა.
დმანისში ილია სარსევანიძეს შეუწყდა უფლებამოსილება ვადამდე; ილია სარსევანიძე ივნისში გარდაიცვალა. ის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო.
კანონით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ტარდება შუალედური არჩევნები.