3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას „ლელო” და „ქართული ოცნება“ მიიღებენ

პუბლიკა

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის ორი პარტია დარეგისტრირდა:

№9 – „ძლიერი საქართველო-ლელო”;

№41 – „ქართული ოცნება“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორივე პარტიას მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისთვის ვადა 3 სექტემბრამდე აქვთ.

3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით:

ვანში მაჟორიტარ დეპუტატს ბექა ლაჭყეპიანს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება; ბექა ლაჭყეპიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ახმეტაში ადამე მოზაიძეს შეუწყდა უფლებამოსილების ვადა. ახმეტის საკრებულოს ვებგვერდის მიხედვით, მოზაიძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრია.

წალკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს რამაზ ხინიკაძეს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილების ვადა; რამაზ ხინიკაძე, რომელიც საკრებულოს წევრთან ერთად საბეჭისის საჯარო სკოლის დირექტორიც იყო, აპრილში გარდაიცვალა.

დმანისში ილია სარსევანიძეს შეუწყდა უფლებამოსილება ვადამდე; ილია სარსევანიძე ივნისში გარდაიცვალა. ის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იყო.

კანონით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ტარდება შუალედური არჩევნები.