30 სექტემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში 12 375 ადამიანია

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სულ 12 375 პირი იყო, მათ შორის 11 735 კაცი და 640 ქალი. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების საერთო რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 0.31%-ს შეადგენს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მიერ მომზადებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 941 103 იყო. მათ შორის 1 887 646 კაცი და 2 053 457 ქალი.

შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი კაცების რაოდენობა (11 735) ქვეყნის მამრობითი სქესის მოსახლეობის 0.62%-ს შეადგენს, ხოლო ქალების რაოდენობა (640) – მდედრობითი სქესის მოსახლეობის 0.03%-ს.

2026 წლის სექტემბრის ბოლოს პენიტენციურ სისტემაში განთავსებული 12 375 პირიდან 2 765 ბრალდებული, ხოლო 9 610 მსჯავრდადებული იყო. საერთო რაოდენობის 22.3%-ს ბრალდებულები, 77.7%-ს კი მსჯავრდადებულები შეადგენდნენ.

ბრალდებულები საანგარიშო პერიოდში რვა პენიტენციურ დაწესებულებაში იყვნენ განთავსებული. მათ შორის ყველაზე მეტი ბრალდებული №8 დაწესებულებაში ირიცხებოდა. მსჯავრდადებულები კი 14 პენიტენციურ დაწესებულებაში იყვნენ განაწილებული, რომელთაგან ყველაზე მეტი №15 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

პატიმართა უმრავლესობა 41-49 წლის ასაკობრივ ჯგუფშია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ანგარიშის მიხედვით, სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილში ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი სრულწლოვანი კაცები იყვნენ – 11 558 პირი. ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით კი ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 41-49 წლამდე ასაკის ბრალდებულებსა და მსჯავრდადებულებზე მოდიოდა.

პენიტენციურ სისტემაში 191 არასრულწლოვანია

2026 წლის სექტემბრის ბოლოს პენიტენციურ სისტემაში 191 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდადებული იყო განთავსებული, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის 1.5%-ს შეადგენს.

მათგან 72 ბრალდებულია, მათ შორის ოთხი გოგოა. არასრულწლოვანი ბრალდებულების რაოდენობა ბრალდებულთა საერთო რაოდენობის 2.6%-ს, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობის 37.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება არასრულწლოვან მსჯავრდადებულებს, მათი რაოდენობა 119-ია, მათ შორის 10 გოგოა. არასრულწლოვანი მსჯავრდადებულები მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობის 1.2%-ს, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობის 62.3%-ს შეადგენენ.

პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილების საერთო ლიმიტი 12 548-ია

საქსტატის თანახმად, პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში საპატიმრო ადგილების საერთო ლიმიტი 12 548-ს შეადგენს. 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, დაწესებულებებში განთავსებული 12 375 პირის რაოდენობა დადგენილ ზღვარზე 173 ერთეულით, ანუ 1.4%-ით ნაკლები იყო.

პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების დადგენილ ლიმიტებთან შედარების შედეგად ირკვევა, რომ 14 დაწესებულებიდან სამში პატიმართა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს აჭარბებს, დანარჩენ 11 დაწესებულებაში კი თავისუფალი ადგილებია.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურ სისტემაში პატიმართა საერთო რაოდენობა დადგენილ ლიმიტზე ნაკლებია, სამ დაწესებულებაში დასაშვებ ზღვარზე მეტი პატიმარია განთავსებული. ესენია: გლდანის №8, ქუთაისის №2 და ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულებები.

დადგენილ ლიმიტს ყველაზე მეტად ქსნის №15 დაწესებულებაში აჭარბებს პატიმართა რაოდენობა – ლიმიტზე 555-ით მეტი პირი იმყოფება, რაც დასაშვები რაოდენობის 34.6%-ით გადაჭარბებას ნიშნავს.

გლდანის №8 დაწესებულებაში ლიმიტზე 742-ით მეტი პატიმარია განთავსებული (30.59%), ხოლო ქუთაისის №2 დაწესებულებაში – 292-ით მეტი (27.34%).

რაც შეეხება დანარჩენ დაწესებულებებს, თავისუფალი ადგილების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • №1 დაწესებულებაში დადგენილ ლიმიტზე 144-ით ნაკლები პატიმარია (20.57%);
  • №3 დაწესებულებაში – 48-ით ნაკლები (52.17%);
  • №5 დაწესებულებაში – 259-ით ნაკლები (29.87%);
  • №6 დაწესებულებაში – 81-ით ნაკლები (26.21%);
  • №10 დაწესებულებაში – 227-ით ნაკლები (32.43%);
  • №11 დაწესებულებაში – 1-ით ნაკლები (1.22%);
  • №12 დაწესებულებაში – 213-ით ნაკლები (36.72%);
  • №14 დაწესებულებაში – 317-ით ნაკლები (23.27%);
  • №16 დაწესებულებაში – 334-ით ნაკლები (63.26%);
  • №17 დაწესებულებაში – 64-ით ნაკლები (3.2%);
  • №18 დაწესებულებაში – 74-ით ნაკლები (32.17%).

მსჯავრდადებულთა უმრავლესობას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები შეადგენენ

საქსტატის თანახმად, 2026 წლის სექტემბრის ბოლოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული 9 610 მსჯავრდადებული ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობის 77.7%-ს შეადგენდა.

დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ყველაზე მეტი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული – 4 421 პირი. მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული იყო 3 939 პირი.

დანაშაულის სახეობის მიხედვით, მსჯავრდადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს – 4 530 პირი (32.94%).

ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებული იყო 4 245 პირი (30.87%), ეკონომიკური დანაშაულისთვის კი – 3 873 პირი (28.16%).

სხვა კატეგორიებში მონაცემები ასე ნაწილდება:

  • სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 513 მსჯავრდადებული (3.73%);
  • სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 586 მსჯავრდადებული (4.26%);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 3 მსჯავრდადებული (0.02%);
  • სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – 2 მსჯავრდადებული (0.01%);
  • კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – არცერთი მსჯავრდადებული (0%).

მსჯავრდადებულთა უმრავლესობა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაშია განთავსებული

2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში განთავსებული 9 610 მსჯავრდადებულიდან 9 419-ს დაწესებულების ტიპი განსაზღვრული ჰქონდა, ხოლო 191 მსჯავრდადებული შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.

მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, მათი განაწილება ასეთია:

  • ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება – 5 552 მსჯავრდადებული (57.77%);
  • დახურული ტიპის დაწესებულება – 2 913 მსჯავრდადებული (30.31%);
  • ქალთა სპეციალური ტიპის დაწესებულება – 443 მსჯავრდადებული (4.61%);
  • განსაკუთრებული რისკის დაწესებულება – 236 მსჯავრდადებული (2.46%);
  • დაბალი რისკის დაწესებულება – 194 მსჯავრდადებული (2.02%);
  • არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – 81 მსჯავრდადებული (0.84%);
  • დაწესებულების ტიპის განსაზღვრის მოლოდინში – 191 მსჯავრდადებული (1.99%).