სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შემდეგ შექმნილი ორი ახალი სამსახურის – პერსონალური მონაცემების დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელთების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, კომისიის სხდომებში თავადაც მიიღებს მონაწილეობას. პრემიერმა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურაც განმარტა.
„როგორც იცით, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, 1 მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება – პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურთა ხელმძღვანელების შესარჩევად, გამოცხადდება კონკურსები, უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია. დღეს გაიმართება პირველი სხდომები, რომლებშიც მეც მივიღებ მონაწილეობას, კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად, თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ ორ კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 17 იანვრის ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
კანონის მიღების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებდა, თუმცა 13 იანვარს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება არ შეიცავს კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას, ამიტომ მან კანონს ხელი მოაწერა.
სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია არ აპირებს ინსპექტორის ნაცვლად შექმნილი სამსახურების უფროსების კონკურსში მონაწილეობას. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე სამართლებრივი ბრძოლის საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს.