საქართველოს პრემიერ-მინისტრის 17 იანვრის ბრძანებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა – ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიების მიერ.
„გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – HR.GOV.GE – მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და იქმნება ორი ახალი სამსახური, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვასა და სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.